საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა
არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა

არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს კანონპროექტი "არბიტრაჟის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისათვის და განისაზღვრება 150 ლარით (იგივე ოდენობა, რაც დადგენილია არაქონებრივ დავაზე სასარჩელო წარმოებისათვის), ასევე მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომელშიც საარბიტრაჟო განხილვა საჭიროებს სასამართლოს ჩართულობას და ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით.

 

მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხარეთა უფლებას, მიმართონ მხოლოდ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, მაშინ როდესაც „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“UNCITRAL-ის მოდელური კანონიდან გამომდინარე, მხარეებს ასევე უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც.

 

აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება შედის „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილ (ad hoc) არბიტრაჟსაც.მოქმედი კანონის თანახმად, თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. მომხსენებლის განმარტების თანახმად, მსგავსი ტიპის შეზღუდვის საჭიროება არ არსებობს - თუ მხარეთა ნების გამოვლენა ნამდვილია, მათ კანონი არ უნდა ავალდებულებდეს ადვოკატების დასაქირავებლად ან ნოტარიული წესით შეთანხმების დასამოწმებლად დამატებითი ხარჯების გაღებას. მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებით თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, მათ აღარ მოეთხოვებათ შეთანხმების სანოტარო წესით დამოწმება ან ადვოკატების ხელმოწერა.

 

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით, არბიტრაჟის კომპეტენციის საკითხის გადაწყვეტას რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგივრად განახორციელებს სააპელაციო სასამართლო. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე მხრეს არ აქვს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. ცალკეულ შემთხვევებში, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მხარეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხარის მიმართვის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდეც.წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის შენიშვნა, რომლითაც განისაზღვრება, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები იქნებიან არა ყველა სახის სამოხელეო დანაშაულის, არამედ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე (ქრთამის აღება) და 339-ე (ქრთამის მიცემა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები/მოხელესთან გათანაბრებული პირები.