საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ვახტანგ ხმალაძე

 

ვახტანგ ხმალაძემ 1969 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკის ფაკულტეტი, 1972 წელს - ასპირანტურა; 1997 წელს გაიარა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი) საზაფხულო უნივერსიტეტის კურსი: სამართალი, საჯარო ადმინისტრაცია და სოციალური ცვლილებები. მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდ.) და უფროსი მეცნ. თანამშრომლის სამეცნიერო წოდება.

2000 წლიდან ვ. ხმალაძე არის შპს თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებელი, პარტნიორი და არბიტრი, ხოლო 2013 წლიდან - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი.

 

1973-1992 წლებში ვ. ხმალაძე იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნ. თანამშრომელი; 1991-1992 წლებში - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 1992 წელს - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995, 1999-2004, 2012-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; 2002-2004 წლებში - ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე; 1996-1997 წლებში - საქართველოს პარლამენტის ექსპერტი-კონსულტანტი, ხოლო 2004-2006 წლებში - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტთა საბჭოს წევრი; 1993-1995, 2013-2017 წლებში - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე; 2010-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის საერთაშორისო კონსულტანტი კონსტიტუციური რეფორმის საკითხებში (ყირგიზეთი), გაეროს განვითარების პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი სამართლებრივ და სასამართლო რეფორმის საკითხებში (ყირგიზეთი), გაეროს განვითარების პროგრამის (საქართველო) ექსპერტი; 2011-2012 წლებში - საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს წევრი, სამართლის დეპარტამენტის დირექტორი; 1996-2005 წლებში, სხვადასხვა დროს, - საწარმოს გენერალური დირექტორი, იურისტი; 1989 წლიდან - სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი და ხელმძღვანელი.

 

1973-1992 წლებში ვ. ხმალაძე კითხულობდა ველის კვანტური თეორიისა და ზოგადი ფიზიკის სალექციო კურსებს თსუ-ში, ხოლო 2005-2015 წლებში - კონსტიტუციური სამართლის, საგადასახადო სამართლისა და საკანონმდებლო ტექნიკის სალექციო კურსებს.

 

ვ. ხმალაძე არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის, მონოგრაფიებისა: საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია (2010), კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში (1995 2009 ..), მისი განვითარების პერსპექტივა (2009), საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები (2005, 2006,2007), კონსტიტუციური სამართალი (სახელმძღვანელო), საქართველოს კონსტიტუციური სამართალი (2001, 2003), როგორ იქმნება კანონი (2000). იგი არის ავტორი და თანაავტორი ათეულობით კანონპროექტისა, მათ შორის, კანონპროექტებისა საქართველოს კონსტიტუციის, არჩევნების, პოლიტიკური პარტიების, სახელმწიფო ხელისუფლების, საკონსტიტუციო სასამართლოს, კონსტიტუციური სამართალწარმოების, ნორმატიული აქტების, განათლების შესახებ.