საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია

მიმდინარე წლის 8-13 დეკემბერს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის "მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა" ფარგლებში განხორციელდა არბიტთა სასწავლო ვიზიტი წამყვან ევროპულ საარბიტრაჟო დაწესებულებებსა და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში.

 

სასწავლო ვიზიტისთვის მონაწილეები შეირჩნენ საქარველოს არბიტრთა ასოციაციის (საერთაშორისო) კომერციული არბიტრაჟის საბაზისო კურსის ქალბატონი მონაწილეებიდან. ვიზიტის მიზანი იყო ქართველი ქალი არბიტრების შესაძლებლობების გაძლიერება საარბიტრაჟო საქმეების განხილვაში.

 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ შვეიცარიის პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტს Swiss Chambers Arbitration Institute (SCAI) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს International Chamber of Commerce International Court of Arbitration (ICC ICA). ეს წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებია, ხოლო ჟენევა და პარიზი წარმოადგენს წამყვან „არბიტრაჟის ადგილს“ მსოფლიოში. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ ამ ინსტიტუტების სამუშაო პროცესს, მიმდინარე სიახლეებს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში და დამკვიდრებულ ახალ მიდგომებს.

 

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ასევე უმასპინძლეს არბიტრაჟის სფეროში წამყვანი იურიდიული ფირმების White & Case LLP, Shearman & Sterling LLP, Levy-Kaufmann Kohler, Lalive და Fortior Law SA პარტნიორებმა. მათ ქართველ ქალ არბიტრებს გაუზიარეს გამოცდილება საინვესტიციო დავებთან, პროცედურული დოკუმენტების შედგენასთან, საარბიტრაჟო დათქმებთან და ცნობა-აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.

 

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს: სოფიო ტყემალაძე (საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე), რუსუდან ჭკუასელი (არბიტრთა ასოციაციის პირველ მოდულის წამყვანი ტრენერი, იურიდიული ფირმა BLC-ის უფროსი იურისტი), ნინო სოსელია (საადვოკატო ბიურო „კორძახია, ჟღენტი“ სპს პარტნიორი) თამთა ივანიშვილი (იურიდიული ფირმა BLC-ის იურიდიული დირექტორი), მაკა თოდუა (იურიდიული ფირმა ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ უფროსი იურისტი), ანა რეხვიაშვილი (იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი იურისტი). ვიზიტში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს არბიტრთა ასოციაციის პროექტ-ასისტენტმა ლელა ბასილაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ლიანა ქარცივაძემ.

2019 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემიის მიერ შეთავაზებული I მოდული, რაც პირველი ნაბიჯია არბიტრთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მისაღებად. მოდულში მონაწილეობის მიზნით შეირჩა ასოციაციის 11 წევრი და 9 არაწევრი უირისტი. 9 სასესიო შეხვედრის შედეგად მონაწილეები  სიღრმისეულად გაეცნენ და იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: არბიტრაჟის მარეგულირებელი ჩარჩო, საარბიტრაჟო შეთანხმების მნიშვნელობა, შედგენა და აღსრულება, სასამართლოს როლი საარბიტრაჟო პროცესში, მანამდე და მის შემდეგ; საარბიტრაჟო პროცესი - არბიტრაჟის დაწყებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე (პრინციპები, ეტაპები, დოკუმენტები, წესები, ეთიკური ნორმები), საარბიტრაჟო გადაწვეტილების გაუქმება და ცნობა-აღსრულება. კურსის ფარგლებში მონაწილეებს ასევე მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საინვესტიციო არბიტრაჟის საფუძვლებს.

 

პირველი მოდულის წამყვანი ტრენერები იყვნენ იურიდიული ფირმა BLC-ის უფროსი იურისტი რუსუდან ჭკუასელი და ასოციაციის თავმჯდომრე, სოფიო ტყემალაძე. მათთან ერთად სხვადასხვა სასესიო შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ნინო ბაქაქური (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე), ბექა ინჯია (საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი), ირაკლი კორძახია (სპს „კორძახია, ჟღენტი“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი), ქეთი მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე), ლაშა ნოდია (შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“), ლიანა ქარცივაძე (ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)) და დათა ხაჭვანი (იურიდიული ფირმა Lévy Kaufmann-Kohler).

 

დამატებითი ინფორმაცია I მოდულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 1-ლი მოდულის გამოცდა, საშუალება ექნებათ 2020 წელს გაიარონ აკადემიის მე-II მოდული - საარბიტრაჟო პრაქტიკა, პროცესი, გადაწყვეტილება. I მოდულისგან განსხვავებით მე-II მოდულის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ მეტი დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება პრაქტიკულ ასპექტებზე: საარბიტრაჟო პროცესის დაგეგმვა და მართვა, სხვადასხვა პროცედურული დოკუმენტების შედგენა, რთულ პრაქტიკულ სიტუაციებთან გამკლავება და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შედგენა. მე-II მოდულის წარმატებით გავლა ასოციაციის აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა.  

 

ამასთანავე, დიდი ინტერესის და მოთხოვნის გამო, ასოციაცია გეგმავს 2020 წელს ხელთავიდან შესთავაზოს I მოდული. I მოდულში მონაწილეობის ინტერესის შემთხვევაში, შეგიძლიათ წინასწარ დაუკავშირდეთ და „დააზღვიოთ“ თქვენი ადგილი  შემდეგ მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com

 

არბიტრთა აკრედიტაციის სისტემის დანერგვის და I მოდულის განხორციელების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

2019 წლის 1 ივნისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა.

 

საერთო კრების პირველი ნაწილი 2018 წლის ანგარიშის განხილვას და დამტკიცებას დაეთმო, რომელიც ასოციაციის წევრებს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ წარუდგინა. 2018 წლის ანგარიშის დამტკიცების შემდგომ, წევრებმა იმსჯელეს ასოციაციის 2019 წლის პრიორიტეტებზე.  აღსანიშნავია, რომ ასოციაციის 2019 წლის აქტივობების უმეტესობა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება, ახლი 18-თვიანი გრანტის ფარგლებში.

 

გარდა წლიური ანგარიშის დამტკიცებისა და მომდევნო წლის გეგმების განხილვისა, წლევანდელ კრებაზე მოხდა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება:

 

  • დამტკიცდა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა. სისტემის თანახმად, ასოციაციაში დამკვიდრდება აკრედიტებული არბიტრის სტატუსი, რასაც ასოციაცია გასცემს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, ასოციაცია 2019 წლიდან დაიწყებს სასწავლო მოდულების შეთავაზებას, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ასოციაციის მიერ აკრედიტებული არბიტრები;
  • შევიდა ცვლილებები წესდებაში, რაც ასოციაციის საქმიანობას უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის;
  • შევიდა ცვლილებები დისციპლინური წარმოების წესებში, რითაც გაიმიჯნა მომკვლევის ინსტიტუტი და განმტკიცდა მისი დამოუკიდებლობის გარანტიები;

 

ორივე დოკუმენტის ახალი რედაქცია, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, დაიდება ასოციაციის ვებ გვერდზე.

 

კრების ბოლოს მოხდა ასოციაციის მმართველი საბჭოსა და დისციპლინური კომისიის წევრების არჩევა. კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია შემდეგი პირები:

 

მმართველი საბჭოს წევრები:

 

  • სოფიო ტყემალაძე (მეორე ვადით)
  • გიგა ბათლიძე (მეორე ვადით)
  • ბექა ინჯია (მეორე ვადით)
  • სერგი ჯორბენაძე (პირველი ვადით)
  • თეონა ჟიჟიაშვილი (პირველი ვადით)
  • ჯაბა გველებიანი (პირველი ვადით)
  • მაჯა ნაჭყებია (პირველი ვადით)
  • ოლია სეფიაშვილი (პირველი ვადით)

 

დისციპლინური კომისიის წევრები:

 

  • გიორგი თითბერიძე
  • მაკა თოდუა
  • ლაშა ნოდია
  • კახა წიქარიშვილი

 

რომლებიც შეუერთდებიან დისციპლინური კომისიის არსებულ წევრებს, ლევან ნანობაშვილს და ლინა ჯიქიას.

 

ასოციაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მმართველი საბჭოს გამავალ წევრებს: ლაშა ნოდიას, ვახტანგ ხმალაძეს, ირაკლი კორძახიას, გიორგი თითბერიძეს და იამზე ლეგაშვილს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ასოციაციის 2018 წლის საქმიანობაში და მოლოდინია, რომ გააგრძელებენ აქტიურობას, როგორც ასოციაციის წევრები.

2018 წლის 29 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, ხოლო 30 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, პრაქტიკოსი იურისტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე არბიტრაჟის აქტუალურ საკითხები და ეთიკა არბიტრაჟში.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არბიტრაჟის აქტუალური საკითხების განხილვა დაინტერესებულ იურისტებთან, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის, კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ისევე როგორც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული „არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ და მისი აღსრულების მექანიზმებისა პრეზენტაცია და არბიტრთა ეთიკის ზოგადი პრინციპების მიმოხილვა.

 

ტრენინგის მომხსენებლები იყვნენ ქალბატონი ანა ნებიერიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „არბიტრაჟების დეპარტამენტის“ უფროსი მრჩეველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ADR-ის კომიტეტის წევრი; ქალბატონი იამზე ლეგაშვილი - დავების განმხილველი ცენტრი-ს საარბიტრაჟო სასამართლოს

თავმჯდომარე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და ბატონი ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.

 

სამუშაო შეხვედრები ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, განიხილეს მისი უპირატესობები და დავის პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები. განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა საარბიტრაჟო დათქმის შედგენის თავისებურებანი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსულებასთან დაკავშირებული საკითხები, ეთიკის ვალდებულება და მნიშვნელობა, ისევე როგორც საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა.

 

ვიმედოვნებთ, რომ არბიტრაჟის მიმართულებით ადვოკატთა ტრენინგის მიზნით, თანამშრომლობა საქართველოს არბიტრთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის 2019 წელსაც გაგრძელდება.

პირველი ქართული არბიტრაჟის ბლოგი
პირველი ქართული არბიტრაჟის ბლოგი
პირველი ქართული არბიტრაჟის ბლოგი
შერჩევა ასოციაციის მომკვლევი პირის პოზიციაზე
შერჩევა ასოციაციის მომკვლევი პირის პოზიციაზე
შერჩევა ასოციაციის მომკვლევი პირის პოზიციაზე
პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება
პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება
პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)

გაგვაცანით თქვენი ინტერესები და საჭიროებები! რა საკითხზე ისურვებდით სასწავლო მოდულის/ტრენინგის/სამუშაო შეხვედრის ჩატარებას?

რა იქნებოდა თქვენვის მისაღები ხანგრძლივობა?

 

 

მოგვწერეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე: gaa.arbitration@gmail.com
შემოუერთდით ასოციაციას დღესვე!